Accessibility links

logo-print logo-print

დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანა სახელმწიფო ინტერესებით ახსნა


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ზალკალიანმა სახელმწიფო ინტერესების და ევროსაბჭოს წესდების შესაბამისი გადაწყვეტილება უწოდა თბილისის ნაცვლად კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარებას.

„ჩვენ ვიმოქმედეთ სრულ თანხვედრაში ამ ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობაში, ჩვენი კანონმდებლობის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგანაც არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, ყოველდღიური გამოწვევები, ამიტომ, მსგავსი სახის მოვლენების განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ზალკალიანის თქმით, დესტაბილიზაციაზე საუბრისას არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ძალებსაც გულისხმობს: „ნებისმიერს შეუძლია, როდესაც მსგავსი დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს ქვეყანაში, ნებისმიერი საკითხი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს სურდა, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარებულიყო, რადგან ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით მსგავსი მაღალი დონის ღონისძიების მასპინძლობა უპრეცედენტო იქნებოდა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ორგანიზაციის გენერალურ სამდივნოსთან კონსულტაციები მიმდინარეობდა და განიხილავდნენ ყველა შესაძლო სცენარს, რათა არ დაზიანებულიყო საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია. ზალკალიანის თქმით, საქართველოს მინისტერიალის მასპინძლობას ავალდებულებდა ევროსაბჭოს წესდება, თუმცა, არ უნდა დაზიანებულიყო საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის გამო. მინისტრის განცხადებით, ამ ვითარებას ევროსაბჭოს მხრიდან სრული გაგება მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არსებობს 4-5 პრეცედენტი, როცა თავმჯდომარე ქვეყანამ მინისტერიალი სტრასბურგში ჩაატარა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თავმჯდომარეობა წარმატებულად მიმდინარეობს და ქვეყნის მიერ შერჩეული პრიორიტეტები აღიარებულია, როგორც ნოვატორული და კრეატიული.

მინისტრის თქმით, გული წყდება, რომ კომიტეტის სხდომა თბილისში არ ჩატარდება, რადგან ეს იქნებოდა შესაძლებლობა, საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს, წარმატებული თავმჯდომარეობა სწორედ თბილისში დაესრულებინა.

დღეს, 26 თებერვალს სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ მაისში, ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის უნდა ემასპინძლა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო.

მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG