Accessibility links

site logo site logo

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო ხვალ, 27 თებერვალს იმსჯელებს


დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 27 თებერვალს იმსჯელებს. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა.

როგორც ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხდომა 27 თებერვალს 13 საათზე დაინიშნა და მასში მონაწილეობას თავად მსჯავრდებული დეკანოზიც აპირებს:

„თავად დასწრების სურვილიც აქვს და ღიაობის სურვილიც აქვს, - განაცხადა თამთა მიქელაძემ - ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თავადაც იყოს. თუ ხვალ მისი ეტაპირება არ მოხდა, მაშინ სხდომა გადაიდება“, - ფიქრობს იგი. თამთა მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში მომდევნო სხდომა მამალაძის მონაწილეობით უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. „ჩვენ არ გვინდა ჩატარდეს დაწესებულებაში იმიტომ, რომ მაშინ სხდომა დახურული იქნება“, - აღნიშნა მან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დეკანოზ მამალაძის სრულ გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადების მოთხოვნით 11 თებერვალს მიმართა.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

EMC-ის თანახმად, ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობაში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG