Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელების კორონავირუსით დაავადების რისკი დაბალია


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელების კორონავირუსით დაავადების რისკი ძალიან დაბალია, უკვე მიღებული ზომების წყალობით.

თეთრ სახლში 26 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა ამ ეტაპის უპირველეს პრიორიტეტად დაასახელა ამერიკელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. პრეზიდენტის თქმით, აშშ სრულ მზადყოფნაშია და ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს დაავადების გავრცელების შემთხვევაშიც. მან არ გამორიცხა, რომ აშშ სატრანსპორტო მიმოსვლას შეწყვეტს იტალიასა და სამხრეთ კორეასთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნულ დონეზე კორონავირუსთან ბრძოლის კოორდინირება დაავალა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.

დონალდ ტრამპმა ასევე, თქვა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფად და კარგად მიმდინარეობს. ვაქცინაზე ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna მუშაობს.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში სულ დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG