Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძის ცნობით, "ქართული ოცნების" ახალი შეთავაზებაა 110/40


ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე წარმოადგინა.

ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციის, საპარლამენტო უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება - პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა, საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის ახლა. ვნახოთ, დაველოდოთ კიდევ რას იტყვიან", - განუცხადა მედიას გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მთავარი გზავნილი დიპლომატებისგან ის იყო, რომ საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების" გამო.

სხვადასხვა იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 2019 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი პარტია არ დათანხმდა და საპასუხოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ხოლო პროპორციული წესით, ანუ სიით არჩეულთა რიცხვი გაიზარდოს 77-დან ასამდე. ოპოზიციამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს, კონსულტაციებს აწარმოებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად და ამას არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG