Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაადრევი არჩევნები


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

არჩევნების წელია და როგორც ყოველთვის ამჯერადაც რაღაცები წინასწარ ვიცით. მაგალითად ის, რომ მთელ არსებულ პოლიტიკურ კლასს სიყვარულის ბუშტი გაუსკდება მოსახლეობაზე, რომელსაც როგორც წესი ჩამორჩენილად თვლის.

„ხალხი ბნელია“ - ეს გზავნილი იკითხება იმ გაუგონარი უგუნურების შემხედვარე რასაც ჩვენი გამოპრანჭული გოგო-ბიჭები სჩადიან ამ წლების განმავლობაში.

საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ ბიძინას არანაირი ხედვა და გეგმა არ აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომ „ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ“ სახით გამოვარდა იქნებ ვინმემ იფიქრა კიდეც გონს მოეგებაო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და მისი პოლიტიკა კვლავ ქველმოქმედებაა. ამის გამო სახელმწიფო ინსტიტუტები ხრწნას განაგრძობენ, ქვეყანა ზარალდება და ბიძოს ქველმოქმედებაც უფასურდება, მაგრამ მაინც არა და არ გამოუჩნდა ისეთი ჭკუის დამრიგებელი, რომ ამ სიშლეგეზე ხელი ააღებინოს, ან ვინ იცის იქნებ არიგებენ კიდეც ჭკუას, მაგრამ თავად ჯიუტდება.

თუმცა მისი პოლიტიკა (ანუ ქველმოქმედება) კონკრეტულ ელექტორატზე მუშაობს. ამის დასტურად სულ მცირე ხნის წინ გამოსროლილი მილოცვები გამოგვადგება.
რა არის იმაში ასეთი გასაკვირი, რომ კაცს, რომელმაც ამდენი გაიღო რაგბისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და დღეობაც მიულოცეს?! რამ გამოიწვია ამხელა პროტესტი?

საქმე ის არის, რომ რაგბის კავშირის განვლილ არჩევნებზე, რომელმაც ხმაურით და დიდი გულის ტკენებით ჩაიარა, ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს თავზე წამოაძახეს იმ კაცმა ამდენი გააკეთა რაგბისთვის და ერთი მადლობა როგორ არ გადაუხადეო.
გიამ თავი იმართლა, მადლობა როგორ არ მითქვამსო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა საკმარისად არ უთქვამს. იმ რაოდენობით არ ჩამოურიგებია რა რაოდენობითაც დეპუტატები ჩამოაწიკწიკებენ ხოლმე.
ჩვენ ხომ მიგვაჩვიეს უკვე იმას, რომ ყველა საჯაროდ თქმული სიტყვა უნდა იწყებოდეს იმ კაცის მიმართ მადლობით და უნდა მთავრდებოდეს დიდი მადლობით.
ჭორვილელს პატარა კომპლექსი აქვს იმისა, რომ ხალხს უტყდება მისთვის მადლობის გადახდა, ამიტომ იმაზე მეტს ახდევინებს ვიდრე საჭიროა. ეს კომპლექსიც ისეთი რამეა, რომ მუდმივად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გიტოვებს, რამდენი მადლობაც არ უნდა გაკადრონ მაინც უკმაყოფილოდ ჭმუნავ და ოხრავ.

გია წავიდა. ამხელა შეურაცხყოფა ჩემთვის არავის მოუყენებიაო. - ეს სიტყვაც დაგვიტოვა და მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელსაც არასდროს დავიწყნია „მადლობა ბტნ ბიძინას!“. ყველა ინტერვიუს ამით იწყებს და ამთავრებს, ხოდა რა გასაკვირია, რომ დაბადების დღე მიულოცა?!

ჩვენც ზუსტად იმის გამო ვიწყინეთ ეს ამბავი, რომ სიტყვა მადლობა გაუფასურდა. ის მხოლოდ მაშინ ფასობს როცა გულწრფელად არის ნათქვამი და არა მაშინ როცა პოლიტიკის ნაწილია.

პოლიტიკა და სპორტი კიდევ ერთხელ გადაიკვეთება ამ წელს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად. ორი აზრი არ არის, რომ არჩევნების ბედს მეტწილად სწორედ მარტის საფლეიოფო თამაშები გადაწყვეტს, საფეხბურთო ნაკრები, რომ გამართავს თვის მიწურულს.
თემაში ვერ გარკვეულმა კაცმა (ქალმაც) შეიძლება იკითხოს სად ფეხბურთი და სად არჩევნებიო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელიც მოვლენებს ადეკვატურად აღიქვამს.

დავიწყოთ იმით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას ვუახლოვდებით. სულ ორ ნაბიჯში ვართ ევროპის ჩემპიონატთან. ფეხბურთს, რომ თავი დავანებოთ ეს იქნება პირველი შემთხვევა როცა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდებით და რუქაზეც იმაზე გაცილებით მყარად დავფიქსირდებით ვიდრე ოდესმე.

გავაგრძელოთ იმით, რომ ფეხბურთი ჩვენთან ყოველთვის პოლიტიზირებული იყო და ამჯერადაც პოლიტიზირებულია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ოცნების დეპუტატებმა , კობიაშვილმა , ყაველაშვილმა და თბილისის მერმა კალაძემ, მათი პროფესიების გათვალისწინებით, გაცილებით უკეთ იციან ფეხბურთს რა სჭირდება, ვიდრე გაბაშვილებმა, ბოკერიამ და უგულავამ იცოდნენ, ზედმეტი ხელის ფათურით, რომ ჭაობამდე მიიყვანეს ეს სახეობა.
ყველამ იცის, რომ სპორტი ოცნების იარაღია. ზუსტად იმ პოლიტიკის, ანუ ქველმოქმედების ნაყოფიერი შედეგი.

ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე ადეკვატურად ვერაფერს აფასებს და ამის მიზეზი ჩვენი ტემპერამენტი და ზღვარგადასული ემოციურობაა. შედეგად არც რაციონალიზმის და არც ანალიზის ადგილი აღარ რჩება.

ან ეიფორია, ან სასოწარკვეთა.

მიღებული გამოცდილებიდან შეგვიძლია სავარაუდო შედეგებიც განვიხილოთ.
მხოლოდ ორი გზა გვაქვს: ან გავალთ ევრო 2020-ზე ან ვერა. თუ გავალთ მივიღებთ ისეთ ეიფორიას, რომლის მსგავსიც ჩემ თაობას ნამდვილად არ ახსოვს. წინა თაობამ კი ბოლოს 81-ში ნახა. არ არის გასაკვირი, რომ ის ტრიუმფი გახდა რეგრესის დასაწყისი, რადგან ზუსტად ამ ეიფორიის დროს მივეცემით ხოლმე ტკბობას და სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს.
ფინალურ ეტაპზე გასვლის სიხარულს მოყვება თავად ჩემპიონატი და ერთთვიანი ექსტაზი. ეს იქნება საუკეთესო ჩემპიონატი, რომელსაც ქართველი მოსწრებია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩაივლის, გავალთ თუ ვერა ფლეიოფში, გავიტანთ თუ ვერა გოლებს, ეს მოხდება ისტორიაში პირველად და ჩვენც ვიქნებით ამაყნი. აღარავის ექნება ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა საბჭოთა მაისური, რომ იწვევდა, საბჭოთა ჰიმნი და ძალიან განსხვავებული ხალხის გაუგებარი ერთობა.

ჩვენი ჰიმნი გაიჟღერებს!

დღესასწაული ზაფხულში დასრულდება და შემოდგომით მივიღებთ არჩევნებს.
სპორტი კი როგორც აღვნიშე ქოცების იარაღია. მართალია ასე გამართულად სხვა არცერთ ფეხბურთის ფედერაციას არ უმუშავია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ორი ცალი დეპუტატის გაკეთებულ საქმეს დანარჩენი უსაქმურები მიიწერენ. ვინც არაფერს აკეთებს, ინიციატივები არ გააჩნია, სიტყვით არასდროს გამოდის და შატალოზეც დასეირნობს. რაც მთავარია, ეს გაუვათ, იმიტომ , რომ ისევ ეიფორიაში ვიქნებით.

ახლა განვიხილოთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე ვერ გავა. მარცხიც ბევრი გვქონია და ვიცით ამას რა მოყვება ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ რა მნიშვნელობის შეხვედრა გველის წინ იმედგაცრუება და პროტესტი გაასმაგებული იქნება. როგორც მოგებას მოყვება ეიფორია, ისე წაგებას მოყვება სასოწარკვეთა, ამის შედეგად კი ისტერია.
ქართველის ბედი ეს არის.
ყველაზე მეტად ვართ დიონისური ხაზის მატარებლები და ამ ერთ თვეში ვერანაირად ვერ გადავეწყობით აპოლონურზე.

წაგების შედეგად ყველაზე პოპულარული გზავნილები აუცილებლად გამეორდება:
- გააუქმეთ ფეხბურთი!
- დათესეთ სტადიონზე კარტოფილი!
- გადადგეს ყველა!
- თამაში გაყიდეს! - ეს უკანასკნელი გზავნილი ყველაზე ძველი ეჭვია, რომელიც ქართველში დღემდე ცოცხლობს და ასევე უძველეს კომპექსს უკავშირდება, რომელსაც აღარ შევეხები.

რა როლი ექნება ოპოზიციას ესეც უკვე ვიცით. წინა წელს ევროპა ლიგაზე ასევე ორ ნაბიჯში იყო „საბურთალო“ , მაგრამ დამარცხდნენ და ოპოზიციამაც წამოყო თავი. ერთ-ერთს სწორედ ის ეჭვი გაუცოცხლდა და ირიბად თქვა ალბათ თამაში გაყიდესო. რაც ნაბოდვარია, მაგრამ ხალხს ესიამოვნა, იმიტომ, რომ როცა ვმარცხდებით გვინდა, რომ ვინმე დაისაჯოს. ვეძებთ განტევების ვაცს, ვინმეს აუცილებლად ვპოულობთ და ჯვარს ვაცვამთ.

უნიკალური შანსის გაშვების მერე ევრო 2020 ჩვენს გარეშე ჩაივლის და ეს იქნება ყველაზე ჯოჯოხეთური ჩემპიონატი, რომელიც კი ოდესმე გვინახავს.

მარილი ჭრილობაზე!

ამის მერე მოვა შემოდგომა და არჩევნები.
ამხელა უკმაყოფილება რაში რეალიზდება რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

შეიძლება ითქვას, რომ ერთ თვეში არჩევნების ბედიც წყდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG