Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, დღეიდან ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა


პრაღაში დღეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე, სახელს უცვლიან მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს. პრაღის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ კვირაში იქნა მიღებული, ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე პოდ კაშტანის მოედანს ამიერიდან ბორის ნემცოვის მოედანი ეწოდება.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრაღის მერმა ზდენეკ ჰრჟიბმა, რომელიც გადარქმევის ერთ-ერთი ინიციატორია. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ასევე პოლიტიკოსის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ.

პეტიცია იმის თაობაზე, რომ მოედანი ნემცოვის სახელობის გამხდარიყო, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. პრაღის ტოპოგრაფიულმა კომისიამ რამდენჯერმე უკუაგდო სახელის შეცვლის მოთხოვნა. მაგრამ თებერვლის დამდეგს უწყებამ აღიარა, რომ გადარქმევა არ შეეხება საცხოვრებელ სახლებს და რაიონის მაცხოვრებლებს არ მოუწევთ საბუთების გამოცვლა.
ამ კვირაში რუსეთსა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ტარდება ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები. შაბათს მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მსვლელობები და პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვა აქციები გაიმართება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი იყო, 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში. მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს ხუთი ადამიანი. მკვლელობის დამკვეთები ჯერაც არ არიან ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG