Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ თანხმდება პრინციპს თუ პარტიას არ ექნა 40%-ზე მეტი, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას


„ქართული ოცნება" მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ოპოზიციასთან შეხვედრა კვლავ გაიმართება. როგორც მდინარაძე ამბობს, პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, შეთანხმებაც შედგება.

„ცალკე აღებულ 110/40-ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40%-იან ზღვართან დაკავშირებით. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები“, - თქვა მდინარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და დეპუტატი ამავე პარტიიდან თინა ბოკუჩავა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, პარტია სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

10 თებერვალს გიგა ბოკერიამ ილაპარაკა „ევროპული საქართველოს“ წინადადების შესახებ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობის შემდეგ სხვა პარტიებთან განიხილა.

„ავიღოთ მყარი პრინციპი, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ჰქონდეს 40%-ზე მეტი არსებითი მხარდაჭერა და ასეთ შემთხვევაში თუ ის მოიგებს მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობას, ჰქონდეს შანსი უმრავლესობის შექმნის“, - აღნიშნავდა ბოკერია. მან წინადადება ასე განმარტა: „თუ მაინცდამაინც ბალანსზე არის საუბარი, პირობითად ეს ბალანსი არის 130 (პროპორციული) და 20 (მაჟორიტარი)“. მისი თქმით, მთავრობის დასაკომპლექტებლად პროპორციულ ნაწილში საარჩევნო სუბიექტს 45%-ის აღება დასჭირდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG