Accessibility links

logo-print logo-print

კობახიძე: წინ ვართ [ოპოზიციასთან] დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა და სხვადასხვა ვარიანტებზე იყო მსჯელობა. როგორც კობახიძე ამბობს, საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე, მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ.

კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

„ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალური. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომლის მიხედვითაც 40%-იანი ნდობა მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას მოსახლეობისგან, იმისათვის, რომ მან მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, რაც არის ევროპაში აპრობირებული მიდგომა. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საკმაოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი. და ეს ბარიერი თავისთავად, ხმების დამატებით რაოდენობას აძლევს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. საბოლოო ჯამში, ასეც ჯდება ხოლმე შედეგი - თუ 40%-ზე მეტი აქვს პარტიას მიღებული 5%-იანი ბარიერი პირობებში, როგორც წესი, ის ახერხებს ერთპარტიულად, მთავრობის ფორმირებას. თუ აქვს ნაკლები ხმები მიღებული ამ შემთხვევაში მას სჭირდება კოალიცია. ეს მიდგომა ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები. შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დეტალებზე ვისაუბროთ თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარიანტი მომზადებული, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად არამედ, თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-%-იანი შედეგით პარტიამ მიიღოს 75-ზე მეტი მანდატი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, შეიძლება გადაიხედოს 100/50-იც. ამასთან, ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარე დისკუსიას კობახიძე დადებითად აფასებს.

„საკმაოდ წინ ვართ წაწეული დისკუსიის, კონსულტაციების კუთხითაც და ეს ნამდვილად გვიტოვებს იმის მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას. ჩვენ თუ თეორიულად შევადარებთ ჩვენს სავარაუდო მოდელს - პროპორციულ სისტემას 5% იანი ბარიერის შემთხვევაში, შედეგობრივი კუთხით ეს იქნება საკმაოდ მიახლოებული - თუ არა იდენტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG