Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება“ - ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ


„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

როგორც ზვიად კუპრავამ თქვა, არ იცნობს თავდამსხმელებს.

„მანქანიდან ჩამოვედი და ამ დროს ორი ბიჭი მოვიდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდადთ. ამ დროს შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე, ამის შემდეგ სახის არეში ფეხებით დამიწყეს დარტყმა. თავდასხმა იყო. ცხადია, ეს იყო გახარიას და მათი ზონდერების მოწყობილი, ჩემი აქტივობების გამო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 აქცია მქონდა. შესაბამისად, ეს იყო პასუხი ხელისუფლებიდან“, - აღნიშნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფმა ზვიად კუპრავამ.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მათთვისაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი აღნიშნული ინფორმაცია და დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებენ.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ზვიად კუპრავამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულება („გლდანის ციხე“) 2019 წლის 22 ოქტომბერს დატოვა. მან 9-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა.

2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში. ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

იმ პერიოდში, ზვიად კუპრავა იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციების („ნუ მომკლავ“) საქმის ობიექტურად გამოძიების და რეალური დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით.

ციხეში ყოფნის პერიოდში ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ საქმეში, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გათავისუფლების შემდეგ, 2020 წლის 18 იანვარს კი ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას“, - ამბობდა კუპრავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG