Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა COVID-19-ს ფართოდ გავრცელების საფრთხე?- რა არ უნდა გამოგრჩეს 28 თებერვალს


მთავრობის მობილიზაცია ვირუსის წინააღმდეგ

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. მან დაამატა, რომ ქვეყანაში კარანტინისთვის საკმარისი საწოლებია.

მასობრივად გავრცელების საფრთხე არა, თუმცა კიდევ ერთი შემთხვევის გამოვლენა არაა გამორიცხული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.

სკოლებში სანიტარული ნორმების გამკაცრებაზე გადავიდა განათლების სამინისტროც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის საზღვრებზე 24 საათის განმავლობაში მოწმდებიან მგზავრები, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. ასეთი ქვეყნები კი ამ დროისთვის არის ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია.

განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ წაიკითხე აქ.

რა ვიცით პაციენტზე, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა?

50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოში ირანიდან ბრუნდებოდა. ის ქალაქ ყუმის სიახლოვეს იმყოფებოდა, რომელიც ახლა ირანში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი კერაა.

პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ახლა მას შესაბამის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ, თუმცა მას გუშინ სიცხე არ ჰქონია.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, როდესაც მან ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალაქ ასტარის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა, შეამოწმეს და ტემპერატურა არ ჰქონია. ესეც კორონავირუსის ერთ-ერთი მახასიათებელია. ის შეიძლება ორგანიზმში უსიმპტომოდ იმალებოდეს. მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გამოუვლინდა.

წაიკითხე მეტი

რამდენად მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავის დასაცავად?

სააფთიაქო ქსელებში ნიღბების დეფიციტია. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უვლის ახალი კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს. ასევე საჭიროა ნიღბის ტარება თუ ადამიანი თავად ახველებს ან აცემინებს. ნიღბის გამოყენებას კი თავისი წესები აქვს:

  • ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცველი ხსნარით ან საპნით და წყლით
  • ნიღბის გაკეთებამდე დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით
  • ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოს
  • მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს: შეხების შემთხვევაში, დაიბანეთ ხელები
  • დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი. არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით

ნიღბის მოხსნის წესი და სხვა დეტალები წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვადა საარჩევნო მოდელზე შეთანხმებისთვის დასასრულს მიუახლოვდა

29 თებერვალს იწურება ვადა, რომლის შემდეგაც ხელისუფლება ოპოზიციას აღარ უტოვებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების საშუალებას და ამბობს, რომ ამის შემდეგ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით.

მას მერე, რაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს, ოპოზიციამ შეწყვიტა საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან დიალოგი. ამის მერე ისინი მხოლოდ დისტანციურად, ძირითადად მედიის საშუალებით აწარმოებდნენ კომუნიკაციას.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ვერ მიიღოს ერთპარტიული უმრავლესობა პარლამენტში. ეს ნიშნავს 125 პროპორციულ და 25 მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში. ბოლო განცხადებებზე დაყრდნობით კი ხელისუფლების მოდელი 110/40-ზეა.

სიახლეები თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან

28 თებერვლის დილამდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იყო. აქედან 11 გუშინ შეუერთდა დანარჩენებს. ღამის განმავლობაში ელოდნენ პასუხს 6 პაციენტთან დაკავშირებით. ამის შესახებ გუშინ ღამე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ თქვა.

კორონავირუსი იყო განხილვის მთავარი თემა სოციალურ ქსელებშიც. საქართველოში მისი პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ გამოჩნდა ფოტოები, სადაც ჩანდა, როგორ იმარაგებდა მოსახლეობა სურსათს სუპერმარკეტში.

როგორ მოიშორა ივანიშვილმა უკანონო მშენებლობა თბილისის ცენტრში

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა ქონება, რომელსაც თბილისის ცენტრში თვეების განმავლობაში უნებართვოდ აშენებდა.

ნაგებობას, რომლიც თითქმის დასრულებულია, შპს „საყვავილე“ აშენებს. ეს კომპანია საჯარო რეესტრში 2019 წლის 6 თებერვალს დაარეგისტრირა სააქციო საზოგადოება „სმს“-მ. “სმს-ს” მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუა“. ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება „ბანკ ქართუში“ იპოთეკითაა დატვირთული.

ერთი კვირის წინ შპს „საყვავილე“ ბიძინა ივანიშვილმა ისე გაყიდა, რომ მშენებლობაზე ნებართვა არ აუღია. ის, რომ კომპანიას მშენებლობის უფლება არ ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ გაირკვა.

წაიკითხე მეტი

კორონავირუსი მარშრუტზე: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო

კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება ირანში სულ უფრო მძიმდება. აზერბაიჯანს ისევ ღია აქვს საზღვარი ირანთან და გზა ირანიდან საქართველომდე აზერბაიჯანის გავლით, ისევ სარისკო მარშრუტად რჩება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში ყველას არ შემოუშვებენ.

რა მდგომარეობაა ირანში? ვის შემოუშვებენ სახიფათო მარშრუტით საქართველოში? რა თავსატეხი გაუჩინა აზერბაიჯანს კორონავირუსის საქართველოში დადასტურებულმა პირველმა შემთხვევამ? - ლელა კუნჩულიამ ამ და სხვა კითხვებზე პასუხები მოიძია.

წაიკითხე მეტი


შანხაი, ჩინეთი - პატრონები ქალაქის ცენტრში ძაღლებსაც ნიღბებით ასეირნებენ. ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებაა.


რას ფიქრობს ხალხი კორონავირუსის შესახებ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG