Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა და ნატომ დაგმეს სირიაში თურქ სამხედროებზე თავდასხმა


აშშ-მა სირიის იდლიბის პროვინციაში სიტუაციის ესკალაციის გამო, ნატოელ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და ასადის რეჟიმის, რუსეთის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ამაზრზენი შეტევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ განიხილავს შექმნილ კრიზისში თურქეთის დახმარების საუკეთესო ვარიანტებს.

აშშ-ის ელჩმა ნატოში კეიტ ბეილი ჰაჩისონმა კი იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება მალე მიხვდება, სინამდვილეში რას წარმოადგენს რუსეთი და ვინ არის ანკარის მართლაც საიმედო პარტნიორი. აშშ-ის და თურქეთის ურთიერთობა ანკარის მიერ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის С-400-ის შეძენამ გაართულა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შერჩევითი იერიშები დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ის ტელეფონით ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს. სტოლტენბერგმა სირიას და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტონ შეტევა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და მხარი დაუჭირონ გაეროს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სირიაში კონფლიქტის მოგვარებისკენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს მოუწოდა, ხელი შეუწყონ საშიში სიტუაციის დეესკალაციას და თავიდან აიცილონ რეგიონში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება.

27 თებერვალს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო. თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა.

ანკარა სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო ძალით ეხმარება ადგილობრივ მეამბოხეებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG