Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა


თბილისის ინფექციური საავადმყოფო

28 თებერვლის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია. მათი უმრავლესობა იტალიაში იმყოფებოდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ 27 თებერვალს კლინიკა დატოვა 6-მა პაციენტმა, რომლებიც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორისაა ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელი.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად 26 თებერვალს დაუდასტურდა, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურა არ აქვს.

27 თებერვალს საავადმყოფოში მიიღეს 17 ადამიანი, რომელთაგან შესაძლო კორონავირუსის დასადგენად კვლევა ჩაუტარდა 11-ს. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ორ ეტაპად ჩატარებული კვლევის პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია და არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ეზუგბაიას თქმით, დანარჩენების ტესტის პასუხი დღეს გაირკვევა.

მედიის შეკითხვას, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 20 ბოქსია და როგორ იტევენ ისინი 28 პაციენტს, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა, რომ 20 ბოქსი მხოლოდ 20 პაციენტს არ ნიშნავს: „როდესაც ერთი წყაროა, ერთი ექსპოზიციაა, ამას ჰქვია კოჰორტული ჯგუფი და ჩვენ შეგვიძლია თითოეულ პალატაში სამი ადამიანი დავაწვინოთ“.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევა ლუგარის ლაბორატორიამ 26 თებერვალს დაადასტურა. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქე მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ჩინეთის გარდა, საიდანაც ახალი კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო, ვირუსის შემთხვევები დადასტურებულია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში. ბოლო ორ თვეში, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადდა 82 000-ზე მეტი ადამიანი და 3000-ზე მეტი გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადდა 3664 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის გარდა, მაღალი რისკის ქვეყნები არიან სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG