Accessibility links

site logo site logo

ადვოკატების თანახმად, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობს


როინ ჭეიშვილი, ციცინო ბაბუნაშვილი

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატებმა როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, მოშიმშილეები ითხოვენ წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირებას და 6 მარტისთვის დანიშნულ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას.

ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

ადვოკატების განმარტებით, პატიმრებს, რომლებიც შიმშილობენ, გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ. საქმეს დაემატა გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები.

გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემაში ამხელს - მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა. დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG