Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

DRI რადიო თავისუფლების ცხინვალელი კორესპონდენტის დევნას ეხმაურება


„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტის ირინა ქელეხსაევას მიმართ ზეწოლის ფაქტებს ეხმაურება.

ორგანიზაციის თანახმად, გრძელდება ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, რაც დაკავშირებულია „ეხოს კავკაზას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსთან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზას“ უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა.

„ირინა ქელეხსაევა გასულ წელს, ადგილობრივი რადიოდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. მაშინ საქმე ეხებოდა ანატოლი ბიბილოვის და ერთ-ერთი ბიზნესმენის დაპირისპირებას, რაზეც ქელეხსაევამ ღიად ისაუბრა. ამის შემდეგ მის მიმართ მუქარებმა იმატა. არსებობს ინფორმაციაც, რომ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით“, - ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური მიადევნონ ირინა ქელეხსაევას საქმეს, ვინაიდან იგი თავისი რეალური მოტივით, შესაძლოა ახალგორელი აქტივისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის თამარ მეარაყიშვილის საქმის მსგავსი იყოს, რომელიც სწორედ კრიტიკული მოსაზრებების გავრცელების გამო იდევნება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ იანვარში სასამართლოში შეიტანა სარჩელი „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის, ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ცხინვალში პატიმრების ცემისა და შიმშილობის ფაქტს აშუქებდა. ქელეხსაევა წერდა პარლამენტარების მცდელობაზეც, უნდობლობა გამოეცხადებინათ პასუხისმგებელი პირებისთვის, მათ შორის, ლალიევასთვისაც. განცხადებაში ლალიევა აღნიშნავს, რომ სტატიით - "სპიკერი საპარლამენტო გამოძიების ქვეშ", ქელეხსაევამ მისი, როგორც „თანამდებობის პირის პატივი და ღირსება შელახა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG