Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს


ალექსანდრე ჭიკაიძე, ყოფილი მინისტრი
ალექსანდრე ჭიკაიძე, ყოფილი მინისტრი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, 2017 წლის ბოლოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე პერიოდში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება - 224.72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 216. 778 კვ.მ მიწა. კერძოდ:

  • 2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში.
  • 2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.
  • იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში.
  • 2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.
  • 2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.მ კოტეჯი შეიძინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს ქონება შეიძინა ისე, რომ მის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე. იმავე დეკლარაციით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული.

„ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან ჩაერთო მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა. საიდან?“, - კითხულობს TI. ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ დაირღვა კანონი.

ორგანიზაცია მიუთითებს ქონებრივი დეკლარაციების არაკეთილსინდისიერად შევსების ფაქტზეც და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ყოფილ მინისტრს ქონებრივი მდომარეობის მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ იგი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ. საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა. 2018 წლის იანვრიდან ალექსანდრე ჭიკაიძეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია უკავია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG