Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სიმპტომები არ ჰქონდა


„პაციენტი, რომელსაც კოროვანირუსული ინფექცია გამოუვლინდა, 31 წლის ქალია, ის ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც არ არის მაღალი ეპიდემიის რისკი, მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი უკვე სახიფათო ხდება“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ქალს არავითარი ჩივილი არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა მასთან ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებულია. მისივე თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალს 6-7 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორივე პაციენტი, რომლებსაც ამ დრომდე კორონავირუსული ინფექცია გამოუვლინდა, იყო აბსოლუტურად უსიმპტომო.

„და ეს ძალიან სერიოზულია, რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიც არის ირანი და იტალია, ისინი აქ არ მოეყვანათ და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ემსჯელათ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მწვავე რესპირატორული ინფექცია, ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და, დიდი ალბათობით, გაავრცელებდნენ ინფექციას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყევებით, სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ ყველაზე მაღალი რისკს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი იმყოფება, მათგან 2-ია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. 34-დან ნაწილს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა და არ დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია და ისინი ელოდებიან საკარანტინო სივრცეში გადაყვანას. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არ დარჩებიან.

16 პაციენტს აღებული აქვს საკვლევი მასალა და საღამოს ელოდებიან მათი ანალიზის პასუხს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG