Accessibility links

site logo site logo

საგარეო სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ეპიდემიური რისკის ქვეყნებში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან:

„კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ამ ქვეყნებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG