Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი საქართველოში: ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული ელჩი კელი დეგნანი საელჩოს ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია გაუძღვეს საელჩოს გუნდს და იმუშაოს ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის.

„თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მით უმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. ელჩი ამბობს, რომ საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული მჭიდრო კავშირი და მოიძიოს თანამშრომლობის ახალი არეალი ორ ქვეყანას შორის.

ელჩის თქმით, საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი კონკრეტული წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის, გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა.

ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი მადლობას უხდის ქართველ მეგობრებს გულთბილი დახვედრისთვის, პოზიტიური და გულწრფელი გზავნილებისთვის:

„მე და დაგი მოუთმენლად ველით ამ ულამაზესი ქვეყნის გაცნობას და ზოგიერთ თქვენგანთან შეხვედრას, თქვენს ქალაქებსა და სოფლებში, ტყეებსა და მთებში სტუმრობას. იქნებ სალაშქრო ბილიკებზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენი ახალი თავგადასავალი ეს-ესაა იწყება“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ელჩის მოვალეობის შესასრულებლად კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. თანამდებობაზე თეთრმა სახლმა იგი 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

17 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის ოკუპაციას.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიალზე.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG