Accessibility links

logo-print logo-print

ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველა უარყოფითია


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება და მათგან 21-ის ტესტი უარყოფითია. მათ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად ამზადებენ.

დარჩენილ 18 პაციენტიდან ნიმუშები დღის მეორე ნახევარში აიღეს. როგორც ეზუგბაიამ თქვა, პირველ ეტაპზე რვა პირის გამოკვლევის შედეგები იქნება ცნობილი.

მარინა ეზუგბაიამ, აგრეთვე, ილაპარაკა ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფის შესახებ. ეზუგბაიას ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში იგეგმებოდა მათი გადაყვანა.

„მხოლოდ ერთს აღენიშნება ცხელება. თუკი დაავადებათა კონტროლის ცენტრი გადაწყვეტს, მას ინფექციურ საავადმყოფოში მოიყვანენ“, - ამბობს ეზუგბაია.

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვის შესახებ მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ახალი კორონავირუსი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, როგორც ექიმმა აღნიშნა, საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო მას ადგილზე აუღეს ნიმუში და გამოკვლევის შედეგები გამოცხადდება.

ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG