Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა


ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არქეოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის განვითარების გეგმების შესახებ რამდენიმე მხარდასაჭერი ინიციატივით გამოვიდა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, საქართველო მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, რასაც მოვლა და განვითარება სჭირდება. მისი თქმით, საჭიროა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებსაც მეტი რესურსები და ინტერესი აქვთ საქართველოში არქეოლოგიის მიმართულებით.

„გასული წლის დასაწყისიდან ჩემი პატრონაჟით მუშაობს ქუთაისის პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, პრეზიდენტს არ გააჩნია დარგის მხარდასაჭერი ფინანსური რესურსი, მაგრამ მე მაქვს ბევრი სხვა რესურსი. ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესი, ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა უცხოეთში და მისი კონტაქტები შეიძლება ერთ-ერთი გზა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მეტი პარტნიორი და მეტი თანამშროლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას, რომ ქართული არქეოლოგიური კვლევები პრეზიდენტის მაღალი რანგის სტუმრების კულტურული პროგრამის ნაწილში შევიდეს. პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოფა ასევე, ერთი ადგილი ისრაელსა და პალესტინაში ქართული ექსპედიციისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგიის დარგის განვითარებისათვის ქართველი სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ სტუდენტებს უნდა დაუბრუნოთ „არქეოლოგიის გემო".

პრეზიდენტმა არქეოლოგებს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მიმართულებებსა და არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიაში სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ნამდვილად იხარჯება და ფინანსდება არაერთი ექსპედიცია, ეს არ არის საკმარისი დარგის სხვა უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG