Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთს ტემპერატურის მატება აღენიშნება


ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთ პაციენტს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერვაძე შენიშნავს, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით დადასტურდა კორონავირუსით ინფექციის მესამე შემთხვევა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იმოგზაურა ირანში, ქალაქ ყუმში. ეს შემთხვევა პირველი შემთხვევის ანალოგიურია. ეს უკვე სერიოზული კერაა და ირანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს - არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან - ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინიფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG