Accessibility links

მსოფლიოში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 მარტს


კორონავირუსი: მსოფლიო და საქართველო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს 86 000-ზე მეტი ადამიანი ატარებს კორონავირუსს. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3000-ს გადააჭარბა. COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აღირიცხა მსოფლიოს 63 ქვეყანაში. ჩინეთის გარეთ ყველაზე მძიმე ვითარებაა ირანში, სადაც ამჟამად დაავადებულია 1500-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 66.

გარდაცვლილთა შორის არის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი. გარდა ამისა, ირანში ხელისუფლების მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელია ინფიცირებული.

საქართველოში კი ვირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 97 ადამიანია. ვირუსის გამო ადრე დაიწყო არდადეგები სკოლებსა და ბაღებში. თეატრებმა გააუქმეს სპექტაკლები. ერთი კვირით დაიხურა ეროვნული ბიბლიოთეკა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, ოპოზიციამ 4 აპრილს დაგეგმილი აქციაც გადადოს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ყველაფერი კორონავირუსის შესახებ წაიკითხე აქ.

საარჩევნო კოდექსი: ვინ რა პროპორციაზეა თანახმა?

ოპოზიციური ერთობა არ იზიარებს საარჩევნო სისტემის იმ მოდელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად და ფრაგმენტულად გაასაჯაროვა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული შეხვედრების შემდეგ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, გაუთქმელობის შეთანხმებას იცავს და დეტალებზე არ ამხელს ოპოზიციური ერთობა. თუმცა, ოპოზიციონერების თქმით, „ქართული ოცნების“ მოდელი არ შეესაბამება მთავარ პრინციპს - მანდატები გადანაწილდეს სამართლიანად, ამომრჩევლების ნების შესაბამისად.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, რომ ოპოზიციას შესთავაზეს საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ოპონენტების მოთხოვნიდან გამომდინარეობს და, წესით, არაფერი დაეწუნება. ყველაფერი არ თქმულა, მაგრამ ითქვა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იქნება თანაფარდობა 100/50-ზე ან 110/40-ზე. ოპოზიციური ერთობა კი ამბობს, რომ 100/50-ზე და 110/40-ზე აბსოლუტურად მიუღებელია და მას არ დაუჭერს მხარს.

კიდევ რას მოიცავს „ქართული ოცნების“ შეთავაზება და რას ფიქრობს ოპოზიცია, დეტალები წაიკითხე აქ.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თბილისში დღეს იწყება. რამდენიმე წუთში დაიწყება დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში. მას მოჰყვება პრემიერ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრა. 12 საათზე კი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისს 4 მარტს დატოვებს.

ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაშია

ქალაქ სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია.

ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთხელ გაჩენილა კითხვები. 2019 წელს მან გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

ბოლო ხანებში ასლან ბჟანია სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის შესახებ საუბრობდა. ამავე თემაზე განცხადებები მის გუნდშიც გაკეთდა.

წაიკითხე მეტი

ვის უღებენ სინჯს კორონავირუსზე და გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობის ტესტები?

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი დაინტერესდა, არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი კორონავირუსი, ოღონდ როგორც ლაბორატორიული სინჯი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ის, თუ კიდევ რამდენი პაციენტის მდგომარეობას შეამოწმებენ ლუგარის ლაბორატორიაში.

რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უპასუხეს, რომ რაოდენობა საკმარისია. თებერვლის დასაწყისში 2000 ტესტი მიიღეს, რასაც პაციენტების ანალიზებს ყოველდღიურად ადარებენ, თუმცა ტესტი ყველა მსურველს არ უკეთდება.

ვის უღებენ სინჯებს და რა შემთხვევაში ეუბნებიან უარს პაციენტს ვირუსზე შემოწმებაზე - ეს და სხვა დეტალები ტესტირების პროტოკოლის შესახებ წაიკითხე აქ.

  • წლებია, ეს სასაცილო ფოტო ვრცელდება ხოლმე - როგორ „დატროლა“ ვიღაც თავზეხელაღებულმა ხუმარამ „ცოფიანი ფემინისტები“.
  • ფოტო ნამდვილია, მითი არ არის, მაგრამ კონტექსტია საინტერესო…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG