Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველოში დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი. სომხეთის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. ზალკალიანის თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, ვიზიტის განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება:

„საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურა, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია ასევე ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველო და სომხეთი გახლავთ ორივე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება. წელს მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, შეჯამება",- აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან განიხილება ასევე ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად საჭირო ერთობლივი ქმედებებისა და კოორდინაციის საკითხები:

"ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ. ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტიანად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის დროსაც ჩვენ ვისაუბრებთ ერთობლივი ქმედებების ყველა ძირითად მიმართულებებზე, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში დღეს ოფიციალურ ვიზიტი დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ამ წუთებში მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები მედიისთვის.

საქართველოში ვიზიტის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ასევე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

ნიკოლ ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წლის მაისში განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG