Accessibility links

logo-print logo-print

გაეროს კომისია: სირიაში რუსეთის მონაწილეობით საჰაერო დარტყმებისას მოქალაქეები დაიხოცნენ


მაარეთ-ენ-ჰუმანში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ მაშველებს დაღუპულების გვამები გააქვთ და დაშავებულები გაჰყავთ. 2019 წლის 22 ივლისი.

გაეროს დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც იკვლევს სირიაში შესაძლო ომის დანაშაულებს, მიაკვლია მონაცემებს რუსეთის მონაწილეობის შესახებ იმ საჰაერო თავდასხმებში, რომლების დროსაც ქალების და ბავშვების ჩათვლით მშვიდობიანი მოქალაქეები დაიხოცნენ.

ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი „გარდიანი“. გაზეთის თანახმად, გაეროს ექსპერტებმა პირველად დასდეს ბრალი რუს სამხედროებს ომის დანაშაულში.

ანგარიშში, რომელიც 2019 წლის მეორე ნახევარს ეხება, მოყვანილია ინფორმაცია მაარეთ-ენ-ჰუმანის ბაზარზე 22 ივლისს და დასახლებულ პუნქტ ჰასში 16 აგვისტოს, საცხოვრებელ სახლზე მოწყობილი საჰაერო თავდასხმების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, ბაზარზე თავდასხმა ორ ეტაპად მოხდა. მეორე ტალღისას სამიზნედ იქცნენ მაშველები, რომლებიც დაშავებულებს ეხმარებოდნენ. 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი ბავშვი. ჰასაში თავდასხმას სახლზე, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ, 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის რვა ქალი და ოთხი ბავშვი იყო.

ანგარიშის თანახმად, „კომისიას აქვს საკმარისი საფუძველი დარწმუნდეს, რომ რუსეთის თვითმფრინავები ორივე ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ. ორივე შემთხვევაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს არ ჰქონდათ სამიზნედ სამხედრო ობიექტები, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს“.
მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა სირიაში განურჩეველ დაბომბვებში მონაწილეობას. მაარეთ-ენ-ჰუმანში თავდასხმის შემდეგ რუსეთი უარყოფდა, რომ მისი ავიაცია ქალაქის მახლობლად იმყოფებოდა.

„გარდიანს“ მოჰყავს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტის, ჩარლზ ლისტერის სიტყვები, რომ გაეროს ექსპერტის ეს დასკვნა „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ მოვლენაა, რადგან გაერო ძალიან იშვიათად ასახელებს ამგვარი თავდასხმებისთვის პასუხისმგებელ ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG