Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცვის სამსახური: გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა კანონის შესაბამისად მოეხსნა


გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში განმარტებულია, რომ კანონის თანახმად, პრეზიდენტს დაცვა ინაუგურაციის დღიდან ენიშნება და უნარჩუნდება 1 წლის განმავლობაში, უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დაემშვიდობა პირადი დაცვის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ საუკეთესო სამსახურისთვის. გიორგი მარგველაშვილის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტისთვის პირადი დაცვის მოხსნა გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიზებული გადაწყვეტილება იყო, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად.

2019 წლის გაზაფხულზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. შესაბამისი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაცვა მათ შესაძლოა დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG