Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი ილია მეორეს შეხვდა


თბილისში მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სომხეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა მისთვის შთამაგონებელი და სამომავლო იმედების მომცემი იყო.

„მქონდა მართლაც შთამაგონებელი შეხვედრა მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. არის ნათელი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნების მომავლის ერთობლივად დაგეგმვის დასაწყებად, რეგიონში არსებული ყველა საფრთხის მიუხედავად“, - წერს ფაშინიანი ტვიტერზე.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.

„ა.წ. 3 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა“,
- ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს 3 მარტს ეწვია. ნიკოლ ფაშინიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის გარდა, ნიკოლ ფაშინიანი 3 მარტს ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG