Accessibility links

logo-print logo-print

"სუპრესამშაბათს" აშშ-ში ერთბაშად 14 შტატში დემოკრატების პირველადი არჩევნები ტარდება


აშშ-ის მილიონობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას პირველად არჩევნებში, საარჩევნო ტერმინოლოგიით, „სუპერ სამშაბათს“, როდესაც დემოკრატიული პარტიის მომხრეები 14 შტატში უყრიან კენჭს კანდიდატებს, რომელთაგან გამარჯვებულს ექნება რეალური შანსი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდეს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს.

ამ დრომდე ერთიანი კანდიდატობისთვის ბრძოლას განაგრძობს დემოკრატების ბანაკის ხუთი პრეტენდენტი.

ჯერჯერობით ლიდერობს ბერნი სანდერსი, 78 წლის მემარცხენე ყაიდის სენატორი, რომლის არჩევასაც არ უჭერს მხარს დემოკრატიული პარტიის ელიტა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, 77 წლის ჯო ბაიდენმა არასახარბიელო სტარტი აიღო აიოვის კოკუსზე, ასევე ნიუ ჰემფშირში, თუმცა ნევადის შტატში მეორე ადგილისა და სამხრეთ კაროლინაში გამართულ პრაიმერში გამარჯვების შემდეგ, ბაიდენზე კვლავ ალაპარაკდნენ, როგორც დემოკრატების ფავორიტზე.

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკ ბლუმბერგი, რომელიც წინასაარჩევნო ბრძოლაში გვიან ჩაება და გამოტოვა პირველი ოთხი პრაიმერი, პირველად იყრის კენჭს "სუპერსამშაბათს" და, როგორც ვარაუდობენ, აქვს შანსი, რომ შეუქმნას პრობლემა ბაიდენის ერთიან კანდიდატად წამოყენებას.

ჯო ბაიდენის მხარდაჭერა გამოუცხადეს სენატორმა ემი კლობუშერმა და პიტ ბუტიჯიჩმა, რომლებიც გამოეთიშნენ დემოკრატების ერთიანი კანდიდატის ტიტულისთვის ბრძოლას.

"სუპერსამშაბათს" უნდა გაირკვეს, როგორ გადანაწილდება 1344 დელეგატი.

კოკუსებსა და პრაიმერებში გამარჯვება არ ნიშნავს პოლიტიკოსის კანდიდატად არჩევას, არამედ მას მხოლოდ გარკვეული დელეგატების დახმარების გარანტიას აძლევს.

შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს ნაციონალური კონვენცია - დემოკრატების ყრილობა, სადაც დელეგატების გარდა კენჭისყრაში მონაწილეობენ, ე.წ. სუპერდელეგატები, რომლებიც პირდაპირ კონვენციაზე წყვეტენ, თუ ვის მისცენ თავიანთი ხმები.

სუპერ სამშაბათამდე ბერნი სანდერსს 60, ჯო ბაიდენს 54 დელეგატი ყავს მოპოვებული. 8 დელეგატი ყავს ელიზაბედ უორენს, ხოლო წინასაარჩევნო რბოლიდან გამოთიშულ კანიდატებს ბუტიჯიჯს -26 და კლობუჩარს 7 დელეგატი.

წელს დემოკრატების კონვენცია ივლისის შუა რიცხვებში ვისკონსინის შტატში, ქალაქ მილოუკში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG