Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელი ევროკავშირი ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები საქართველოზეც აისახება. მათ შორის, მისი სიტყვებით, დღევანდელი ევროკავშირი ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს საქართველოს მოლოდინებს.

„დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას.

ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. სხდომას ესწრებიან მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და ამ პარტიიდან ბოლო თვეების განმავლობაში წასული დეპუტატები. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", სხდომას არ ესწრება "პატრიოტთა ალიანსიც".

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები.

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი მოხსენება 2019 წლის 6 მარტს წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG