Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები გადაფასებას ითხოვს


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს თავის თავთან დააბრუნებს თაობათა შორის სოლიდარობა და ულტრალიბერალიზმის გადაფასება.

„ჩვენი მომავალი არის ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო. ეს, ამავე დროს, ნიშნავს იმას, რომ უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამას სჭირდება მეტი ინიციატივა და მეტი სოლიდარობა ეკონომიკაში“.

პრეზიდენტის სიტყვებით, გადასაფასებელია ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმებიც და საჭიროა ტრადიციული წარმოებისთვის ხელშეწყობა.

„ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება - რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგენა. სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და ამ პარტიიდან ბოლო თვეების განმავლობაში წასული დეპუტატები. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", სხდომას არ ესწრებოდა "პატრიოტთა ალიანსიც".

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები.

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი მოხსენება 2019 წლის 6 მარტს წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG