Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: პენიტენციურ სამსახურს გიორგი მამალაძისთვის არ შეუთავაზებია სასამართლო სხდომაზე ეტაპირება


5 მარტს, 11:00 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სასამართლო სხდომა ჩატარდება დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შუამდგომლობას განსახილველად, - იტყობინება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

ორგანიზაციის ინფორმაციით, შუამდგომლობა 2020 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა განეხილათ, თუმცა, როგორც EMC აცხადებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა არ უზრუნველყვეს დეკანოზ გიორგი მამალაძის გადმოყვანა სასამართლოში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით გ. მამალაძე თავად განაცხადა უარი სასამართლოში ეტაპირებაზე. პენიტენციური სამსახურის აღნიშნული განმარტება მოულოდნელი აღმოჩნდა EMC-თვის, რამდენადაც სასამართლო პროცესის დაწყებამდე EMC-ის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო რომ პენიტენციური სამსახური ვერ ახერხებდა დეკანოზის ეტაპირებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC-მ სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, პენიტენციურმა სამსახურმა შეატყობინა თუ არა გ. მამალაძეს სასამართლო პროცესის ადგილის/დროის შესახებ და შესთავაზა თუ არა მას სასამართლოში ეტაპირება.

მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღეს, 4 მარტს გვეცნობა, რომ პენიტენციურ სამსახურს გ. მამალაძისთვის არ შეუთავაზებია სასამართლო სხდომაზე ეტაპირება და სასამართლოს მიმართეს თხოვნით საქმის განხილვა ჩატარებულიყო N18 დაწესებულებაში“, - აცხადებს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პენიტენციური სამსახურის განმარტება გარკვეულწილად ბუნდოვანია, რამდენადაც სამსახური ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ გიორგი მამალაძე საკუთარი ინიციატივით იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში, მეორე მხრივ კი სასამართლოს სთხოვს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლო სხდომა პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართოს.

„მსგავსი განმარტების პირობებში კი ჩნდება ეჭვი, რომ პენიტენციურ სამსახური ცდილობს, მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მოტივით თავი აარიდოს გ. მამალაძის საქმის საჯაროდ განხილვას. EMC იმედოვნებს, რომ სასამართლო დეტალურად განიხილავს წარდგენილ მტკიცებულებებს, ადეკვატურად შეაფასებს დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადაავადებს განაჩენის აღსრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2017 წლის 5 სექტემბერს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG