Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: არ მსურს ჩემი გათავისუფლება გახდეს ბარიერი პროპორციული სისტემის მიღების პროცესში


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ციხიდან მიმართავს თანაგუნდელებს, მთლიანად ოპოზიციურ ერთობას და ამბობს, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების პროცესში:

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში გიგი უგულავა ოპოზიციას ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს:

„ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა, და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს.

მეგობრებო, არ იდარდოთ ჩემზე, შევინარჩუნოთ ერთობა და ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. სრული მხარდაჭერა თქვენ ამ ამოცანის მიღწევაში“, - აღნიშნავს გიგი უგულავა.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგის განახლების მთავარ პირობად ოპოზიცია პოლიტპატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს აყენებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG