Accessibility links

რურუა: არ მსურს ჩემი განთავისუფლების საკითხმა ხელი შეუშალოს პროპორციული სისტემის შემოღებას


გიორგი რურუა

გიორგი რურუა მეგობრებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს სრულ ნდობას უცხადებს და მათ მიმართ მიწერილ წერილში ამბობს, რომ არ სურს მისი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხმა ხელი შეუშალოს საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებებს. “სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს, ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც მან „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

„როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება,არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან.სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს,ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა.
მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ,ყველა ბრალდება ჩემს მიმართ არის აბსურდული, მტკიცედ მწამს ჩვენი სიმართლის!
საქართველოში დამარცხდება ერთპიროვნული,არაფორმალური მმართველობა!

პ.ს. თავისუფლება იყო და არის კანონით შეუზღუდავი, ძალაუფლებისგან თავდასაცავი ერთადერთი ციხესიმაგრე - ენდრიუ“ - წერს გიორგი რურუა.

2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით დააკავეს. რურუა ოპოზიციური „მთავარი არხის“ მეწილეა. ის, ასევე, ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

დღესვე, 5 მარტს ციხიდან ასევე „ფეისბუკის“ საშუალებით მეგობრებსა და კოლეგებს მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. „არ მსურს ჩემი გათავისუფლება გახდეს ბარიერი პროპორციული სისტემის მიღების პროცესში“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგის განახლების მთავარ პირობად ოპოზიცია პოლიტპატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს აყენებდა. ოპოზიციის რიგებში მიიჩნევენ, რომ გიგი უგულავასა და გიორგი რურუას პოზიციები კარს უხსნის შეთანხმების პერსპექტივას, თუ ხელისუფლება პროპორციული არსის მქონე კანონპროექტს წარადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG