Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადების პროცესი 17 მარტს გაგრძელდება


დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების პროცესი 17 მარტს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრიდან მიაწოდეს.

სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ ჟურნალისტებს, რადგან ის, პენიტენციური სისტემის შენობაში იმართებოდა.

როგორც EMC-ის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, დღევანდელ, 5 მარტის სხდომაზე დაკითხეს მოწმეები. მისი თქმით, ექიმებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

ამ საქმეზე პირველი სხდომა 27 თებერვალს გაიმართა, თუმცა იმ მიზეზით, რომ მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მიდიოდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარება გადაწყდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG