Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ით ინფიცირებული 44 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომაროება, რომელიც ახალი კორონავირუსით (COVID-19) არის ინფიცირებული.

„დღეს ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შემდგომი დამძიმება არ დაფიქსირებულა, ტემპერატურა დღისით იყო 37.8 გრადუსი, აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი საერთო სისუსტე. მდგომარეობა სტაბილურია, რაც ჩვენთვის არის კარგი“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მისი მდგომარეობა არ დამძიმდება, თუმცა გამორიცხული არ არის. იცით, რომ ამ დაავადებას ახასიათებს ასეთი თვისება, რომ იწყება შედარებით მსუბუქად და შემდეგ ერთი კვირის მანძილზე მძიმდება. რამდენადაც პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ძლიერი საერთო სისუსტე, დამძიმება გამორიცხული არ არის, თუმცა ჯერჯერობით სტაბილურია. ამ ეტაპზე, ჩვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, პაციენტს არ ემუქრება საფრთხე“, - ამობს ცერცვაძე.

რაც შეეხება 44 წლის მამაკაცის ისტორიას, როგორც ცერცვაძე ჰყვება, ის იტალიაში ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა. პირველ მარტს საქართველოში დაბრუნდა და აეროპორტში მას ტემპერატურა არ ჰქონდა, სახლში მისვლის შემდეგ კი აუწია სიცხემ, იგრძნო თავი ცუდად და ორი დღე რჩებოდა სახლში, იღებდა სიცხის დამწევებს. მას შემდეგ, რაც სიცხემ არ დაუწია, მიმართა კლინიკას.

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 22 პაციენტია, მათგან ორს კარანტინში გადაიყვანენ.

5 მარტის მონაცემებით, საქართველოში არის ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებული ოთხი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG