Accessibility links

logo-print logo-print

ომბუდსმენი: თსუ-მ ლექტორები განსხვავებული მოსაზრების გამო არ დაასაქმა


სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა.

ომბუდსმენის თანახმად, მას მიმართეს პირებმა, რომლებიც, მოწვეული ლექტორის სტატუსით, წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებლებმა ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინეს.

„საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზებამ ცხადყო, რომ განმცხადებლების უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს განმცხადებლების მიმართ წარმოშობილ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა“, - განმარტავს სახალხო დამცველი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მან რეკომენდაციით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი;

ასევე შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს;

უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG