Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოზე რუსეთის კიბერთავდასხმების საკითხი


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 5 მარტს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების საკითხი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე საბჭოს სხვა წევრებმა გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავრობისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს.

„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბეროპერაციების მიზანი განხეთქილების დათესვა და საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების მოშლა იყო“, - ნათქვამია სხდომის შემდეგ ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს“. ამასთან, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, საკუთარი თავი კიბერსივრცის პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და ააშკარავებს მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ გრუ-ს თავზეხელაღებული კიბერთავდასხმების უწყვეტ სქემას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG