Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს


არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო სისტემის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ.

„ვინაიდან ყველა მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური პარტიების შეკრება“, - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

„ვფიქრობ, რომ ორშაბათამდე, რომელიც არის პრაქტიკულად ბოლო ვადა, როდესაც ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებისა და კონსტიტუციის დონეზე ცვლილებების დაინიცირება შეგვიძლია, გვაქვს დრო გავმართოთ შემდეგი შეხვედრა და ამ შეხვედრის ფარგლებში ვცადოთ საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა კანონმდებლობაში ასახოს ცვლილებები, რომლებიც „ჩაჯდება იმ ლოგიკაში და ტრაექტორიაში“, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ემსახურება.

„რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40-პროცენტიან პრინციპს თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ნება და ჩვენი გუნდის, ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის გადადგას გონივრული ნაბიჯები არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, ასეთ დროს მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანი ხდება:

„5 %-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5 %-ით ნაკლები, პროპორციულ ნაწილში თუ მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის არ არის მთავარი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან განმარტა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე მმართველი პარტია იმოქმედებს იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლევა ქვეყნის გეოგრაფია და ადმინისტრაციული საზღვრები.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით გამართვის წინადადების უარყოფის შემდეგ, ხელისუფლებამ ოპოზიციას თავისი ვარიანტი შესთავაზა, რაც 100/50-ზე პროპორციას გულისხმობდა. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ახალი შეთავაზება 110/40-ზე პრინციპს ეფუძნება. ოპოზიცია, თავის მხრივ, მხოლოდ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოვებული პრინციპის მხარდაჭერისთვისაა მზად. საუბარია 130/20 ან 135/15-ზე კონფიგურაციებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG