Accessibility links

ჩინეთიდან 500 სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა; შესაძლოა პროექტები გადავადდეს


ჩინეთიდან გათვალისწინებულ ვადაში 500 სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა, რის გამოც, შესაძლოა, საქართველოში მიმდინარე პროექტები რამდენიმე თვით გადავადდეს, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით წარდგა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში განსაკუთრებით აქტიური იყო კორონავირუსის ეპიდემია, რვა ჩინური კომპანიიდან შეტყობინება მივიღეთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მათ შეზღუდული ჰქონდათ ქვეყნიდან გასვლა. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 500 სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა იმ დროს, როცა იყო გათვალისწინებული მათი ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, რომ ვინც ჩამოვიდა, მოთავსებული იქნა კარანტინში. ეს იყო ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდით, გარკვეული სპეციალისტების ჩამოსვლა გადავადდეს, რამაც შესაბამისად რამდენიმეთვიანი პროექტის გადავადება გამოიწვიოს, თუმცა შეიძლება არც“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, არც ერთ პროექტზე მუშაობა გაჩერებული არ არის, სამუშაოები გრძელდება რიკოთისა და სხვა მონაკვეთებზეც.

„უბრალოდ, ახალი სამუშაო ძალის დამატება და უფრო აქტიური მუშაობა, რაც გვქონდა დაგეგმილი, ვერ ხორციელდება ამ კონკრეტულ ეტაპზე, სამწუხაროდ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG