Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, 110/40-ზე იქნება, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული  


პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი პოზიცია გამოხატა საარჩევნო სისტემის მოდელის შესახებ.

„საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, [საარჩევნო სისტემა] 110-40 იქნება, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება“, - აღნიშნა კალაძემ და დაამატა, - „თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, დეპუტატების გარკვეული ჯგუფი, ვინც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება. არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა და საზოგადოების თანადგომა და არა საარჩევნო სისტემები. მე მომხრე ვარ 120/30-ის და მომხრე ვიყავი პროპორციული საარჩევნო სისტემის. ყველაზე მთავარი არის ხალხის მხარდაჭერა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების შესახებ შეკითხვას კალაძე პასუხობს, რომ ჯერ შეთანხმება არ შემდგარა, იქნება კიდევ შეხვედრები ოპოზიციასთან, როდესაც მოდელი შეჯერდება, ამის შემდეგ იქნება ინიცირებული კანონპროექტი.

დღემდე, როგორც არის ცნობილი, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს (ე.წ. 110/40-ზე მოდელს) 110 დეპუტატის პროპორციული წესით და 40-ის მაჟორიტარული წესით არჩევას.

ოპოზიციიდან ცნობილია „ევროპული საქართველოს“ წინადადება, რომელიც ე.წ. 110/40-ს გულისხმობს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, კახა კალაძეს საარჩევნო სისტემის შესახებ დღევანდელისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს.

შესაბამისად, თემა დახურულია. 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა არჩევნებისთვის მზადებისა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, - თქვა კალაძემ 2019 წლის 25 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG