Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საპარტნიორო ფონდი" Fitch-თან თანამშრომლობის შეჩერების მიზეზად მიმდინარე რეფორმას ასახელებს


სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ იტყობინება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-თან თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ.

ფონდი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს: „გამომდინარე იქიდან, რომ „საპარტნიორო ფონდი“ იმყოფება რეფორმირების ეტაპზე, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ, ფონდისა და სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის შეთანხმებით, თანამშრომლობა დროებით შეჩერდა“.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ფონდის ახალი სტრუქტურა პროექტების დაფინანსების პრინციპები და განისაზღვრება თვით ფონდის დაფინანსების წყარო, „საპარტნიორო ფონდი“ გეგმავს თანამშრომლობას Fitch-თან ან ახალი მანდატის ფარგლებში, სხვა სარეიტინგო სააგენტოსთან.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, 2019 წელს „Fitch“-მა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა, ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-“-დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

Fitch Ratings-ის მიერ 5 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Fitch-მა „საპარტნიორო ფონდისთვის რეიტინგების მინიჭებაზე უარი განაცხადა და მიზეზად მცდარი და შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდება დაასახელა.

„საპარტნიორო ფონდში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, რას გულისხმობს Fitch Ratings. „წლების განმავლობაში გვქონდა კავშირი მათთან და ერთნაირი პრინციპით ვაწვდიდით ინფორმაციას. რეალურად თუ მაშინ შესაძლებელი იყო, რომ ჩვენზე დაყრდნობით გაეკეთებინათ რეიტინგის მინიჭების აქტივობები და მათთვის ეს იყო საკმარისი...“ - აცხადებენ „საპარტნიორო ფონდში".

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ განმარტავენ, თანამშრომლობის შეჩერება ორმხრივი შეთანხმების შედეგად მოხდა, იმიტომ, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს რეფორმირება და დიდი ალბათობით ფონდის მუშაობა შეცვლილი სტრუქტურით გაგრძელდება.

„Fitch სვამს შეკითხვას, როგორი იქნება ფონდის დაფინანსების წყარო, როგორ გააგრძელებს ფონდი ფუნქციონირებას, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ დგება ეს რეიტინგები. ამაზე პასუხი, რადგან რეალურად არ არსებობს, რადგან რეფორმა მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს რაღაც პერიოდში, მანამდე ფონდმა Fitch-თან მოლაპარაკების შედეგად შეუძლებლად მიიჩნია, ამ ეტაპზე თანამშრომლობა გაეგრძელებინა. რეალურად ამის გაგრძელების გეგმა არსებობს“, - გვითხრეს „საპარტნიორო ფონდში“.

როგორც კი კონკრეტული სტრუქტურა იქნება ცნობილი, „საპარტნიორო ფონდი“ Fitch-თან თანამშრომლობის განახლებას გეგმავს.

„ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მათ შორის პროცედურულად. თანამშრომლობა გაგრძელდება Fitch-თან, ან შესაბამისი მანდატის სარეიტინგო კომპანიასთან“, - აღნიშნეს „საპარტნიორო ფონდში“.

საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ მოგითხობთ თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება „პარტნიორობა ქართულად".

თავისიუფლების მონიტორმა ფონდის პროექტები შეისწავლა და მრავალმილიონიან ხელშეკრულებებში, საეჭვო გარემოებები აღმოაჩინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG