Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა აზერბაიჯანის და თურქმენეთის მიმართ განგაშის დონე გაზარდა მეზობელ ირანში კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაზარდა განგაშის დონე აზერბაიჯანის და თურქმენეთის მიმართ იმის გამო, თუ რა ზომებს მიმართავენ ეს ქვეყნები მსოფლიოში COVID-19-ის, ახალი კორონავირუსის, მიერ გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ და მათ მეზობელ ირანში ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო.

ორივე ქვეყნისთვის 6 მარტს გამოცხადებული განგაშის საფეხურმა 3-ს მიაღწია. განგაშის უმაღლესი საფეხური ამ კლასიფიკაციით 4-ია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკელებმა „უნდა გადახედონ აზერბაიჯანში გამგზავრების გადაწყვეტილებას საფრთხის გამო, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის შემთხვევების ზრდას ირანთან მეზობლობის გამო და იმას, თუ რა ზომებს იღებს აზერბაიჯანის მთავრობა COVID-19-ის მიმართ“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ხელისუფლება ბაქოში აწარმოებს უცხოეთიდან ჩასული პირების შემოწმებას ვირუსზე და „შემოღებული აქვს საეჭვო შემთხვევების მიმართ სავალდებულო კარანტინი ამისთვის მოწყობილ დაწესებულებებში“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის გაფრთხილებით, რომ არაერთ ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვამ და რეისების შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საჭიროების შემთხვევაში გაჭირდეს სამშობლოში ევაკუაცია. „აზერბაიჯანის სამედიცინო მომსახურების სტანდარტები არ შეესაბამება ამერიკულს და ზოგიერთ რეგიონში შეიძლება მიუწვდომელი იყოს ძირითადი მედიკამენტები“, წერია სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებაში, რომლის თანახმად, მგზავრებმა ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ და დაავადებათა კონტროლის ცენტრების რჩევებს მისდიონ.

ცალკე გავრცელებულ, უფრო მოკლე განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ „გადახედონ გადაწყვეტილებას თურქმენეთში გამგზავრების შესახებ იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ამ ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვები და კარანტინის რა ზომებს მიმართავს თურქმენეთის მთავრობა კორონავირუსის გამო.

აზერბაიჯანი და თურქმენეთი არ იყვნენ იმ ქვეყანათა სიაში, სადაც ახალი კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა, მაგრამ ორივე ესაზღვრება ირანს, სადაც 4700 შემთხვევა და 125 გარდაცვლილია აღრიცხული.

აზერბაიჯანმა ინფექციის ექვსი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, მათგან სამი პირი იქ ირანიდან ჩავიდა.

თურქმენეთში შემთხვევების შესახებ არაფერს იტყობინებიან, მაგრამ აშხაბადმა საზღვრები ჩაკეტა კრიზისის გამო.

ირანის მიმართ აშშ-ს COVID-19-ის გავრცელების გამო გამოცხადებული აქვს განგაშის უმაღლესი, მეოთხე საფეხური. ვაშინგტონს თეირანთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
„ირანში ნუ გაემგზავრებით, რადგან იქ არის გატაცების საფრთხე და აშშ-ის მოქალაქეთა განუკითხავი დაპატიმრების და დაკავების საშიშროება. მათ, ვინც ირანში იმყოფება, უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე COVID-19-ის აფეთქების გამო“, - წერია გამაფრთხილებელ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG