Accessibility links

logo-print logo-print

შვედეთში დააკავეს ჩეჩენ ბლოგერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი


ტუმსო აბდურახმანოვი, 2018 წლის ნოემბერი

შვედეთში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმაში. როგორც როიტერსის სააგენტო იტყობინება ქალაქ ევლეს პროკურატურაზე დაყრდნობით, 1 მარტს პოლიციამ ეჭვმიტანილები დააპატიმრა. ორივე რუსეთის მოქალაქეა, მათ ვინაობას არ ამხელენ.

აბდურახმანოვი ევროპაში ცხოვრობს 2015 წლიდან. მასზე თავდასხმა 26 თებერვალს მოხდა. უცნობი პირი, სავარაუდოდ, მის ბინაში შეიჭრა და შეეცადა ჩაქუჩი დაერტყა მძინარე ბლოგერისთვის, რომელმაც მოახერხა მისი მოგერიება და პოლიციის გამოძახება. უფლებადამცავი ჯგუფებმა განგაში ატეხეს ბლოგერზე თავდასხმის გამო.

ინციდენტის შემდეგ აბდურახმანოვმა პირდაპირი ჩართვა გააკეთა ინტერნეტის შემდეგ, სადაც ჩანდა, როგორ ადგას ის დასისხლიანებულ, ძირს მყოფ კაცს და რუსულად ეკითხებოდა, „ვინ გამოგაგზავნიო“. სავარაუდო თავდამსხმელი უპასუხებს, რომ „მოსკოვიდან ...დედაჩემი მათ ჰყავთო“.

შვედეთის ადგილობრივმა პროკურორმა ტერეზე სტენსონმა როიტერსის სააგენტოს უთხრა, რომ გამოძიება სწავლობს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ფართოდ გავრცელდა ინტერნეტით, თუმცა მისი ავთენტურობა დამოუკიდებლად არ დაუდასტურებიათ. სტენსონი დასძენს, რომ თავდასხმა მოხდა ქალაქ გალვეში და 1 მარტის შემდეგ დაპატიმრებულია 29 წლის კაცი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობაში. გალვის საოლქო სასამართლომ 6 მარტს მოითხოვა ასევე სავარაუდო თანამოსაქმის, 30 წლის რუსეთის მოქალაქე ქალის დაპატიმრება.

ტუმსო აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა, რადგან გაერიდა ხელისუფლების მხრიდან დევნას რამზან კადიროვის, ჩეჩნეთის მმართველის, ნათესავთან კონფლიქტის გამო.

შარშან მარტში პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვმა აბდურახმანოვის მიმართ გამოაცხადა, რომ სისხლი უნდა აიღოს. რამზან კადიროვის პრესმდივანმა თქვა, რომ მთარგმნელმა არასწორად თარგმნა დაუდოვის სიტყვები.

კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი წუხილს გამოთქვამს რუსეთის მოქალაქეზე თავდასხმის გამო, მაგრამ დასძინა, რომ თავდასხმასა და ბლოგერის მხრიდან ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკას შორის კავშირს ვერ ხედავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG