Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით დაავადებული ირანელი კანონმდებელი


ირანელი კანონმდებელი, რომელსაც COVID -19-ით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული სენი შეეყარა, გარდაიცვალა, იტყობინება ირანის მედია.

ჩინეთის შემდეგ ირანში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 4747 შემთხვევა იყო აღრიცხული 6 მარტს.

6 მარტს გარდაცვლილი პარლამენტარი, ფათემე რაჰბარი, ახლად არჩეული დეპუტატი იყო თეირანიდან. არ არის ცნობილი, არის თუ არა ის ირანში ვირუსით გარდაცვლილი 124 ადამიანის სიაში.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ქიანუშ ჯაჰანფური 6 მარტს იტყობინებოდა ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 17 ადამიანის შესახებ. ახლად ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასით მოიმატა და 4700-ს ასცდა. კორონავირუსმა იმსხვერპლა ირანის სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის, უზენაესი ლიდერის მრჩეველი და ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ელჩი ვატიკანში. ვირუსით ინფიცირებული არიან ვიცე-პრეზიდენტი, მასუმე ებთექარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი და პარლამენტის 20 დეპუტატი.

ირანში დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები, გაუქმებულია კულტურული და სპორტული ღონისძიებები და შემცირებულია სამუშაო საათები, რათა შეიზღუდოს დაავადების გავრცელება, რომელიც 31 პროვინციაში აღირიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG