Accessibility links

ზელენსკი მთავრობაში ცვლილებებს იცავს და რუსეთს სამშვიდობო ულტიმატუმს უყენებს


0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიცვა ამ ქვეყნის კაბინეტში გატარებული ცვლილებები, რამაც დააფრთხო ინვესტორები, რომ ზელენსკი უკან იხევს დიდი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებისგან.

ზელენსკიმ გამოცემა „ბლუმბერგისთვის“ 7 მარტს მიცემულ ინტერვიუში სცადა დაემშვიდებინა მიმომხილველები, რომლებმაც შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ ზელენსკი აბრუნებს მართვის, თავისი წინამორბედებისეულ, შავ-ბნელ პრაქტიკას.

ზელენსკის თქმით, ამ კვირაში მთავრობაში მომხდარი ცვლილებები, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრი, ოლექსეი ჰონჩარუკი გადააყენეს, ხოლო მის ადგილზე პრემიერის მოადგილე, დენის შმიჰალი დანიშნეს, საჭირო იყო, რადგან მისი თქმით, კაბინეტი არ მუშაობდა კარგად.

„როცა ასეთი ღრმა ცვლილებების გატარება გსურს ქვეყანაში, ხელი არ უნდა მოგეცაროს. საქმე პირად პოპულარობას არ ეხება და არც იმას, რომ შეიძლება ხელისუფლებას ჩამოგაშორონ, საქმე ისაა, რომ უკრაინას შეიძლება არც კი მიეცეს კიდევ ასეთი შანსი,“ თქვა ზელენსკიმ.

ზოგიერთი ექსპერტი შეშფოთებულია, რომ ზელენსკი განიცდის ზეწოლას გავლენიანი ოლიგარქების - მდიდარი ბიზნესმენებისგან, რომლებიც ეკონომიკის დიდი ნაწილს აკონტროლებენ და გარედან გავლენას ახდენენ.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ოლიგარქია იჰორ კოლომოისკი, რომელიც ზელენსკის ზურგს უმაგრებდა პრეზიდენტის წინა, ტელევიზიაში მსახიობად, საქმიანობის დროს, და რომელიც ახლა მთავრობასთან „პრივატბანკზე“ კონტროლისთვის იბრძვის. ზელენსკის თქმით, მის მთავრობას არ აქვს ოლიგარქების ზეგავლენა.

სხვა ინტერვიუში, რომელიც ზელენსკიმ გაზეთ გარდიანს მისცა, უკრაინის პრეზიდენტი 7 მარტს აცხადებს, რომ რუსეთს აძლევს ერთწლიან ულტიმატუმს, დაამყაროს მშვიდობა აღმოსავლეთ უკრაინაში. მთავრობას შეუძლია ერთი წელი დაახარჯოს შეთანხმებას. შემდეგ ის უნდა განხორციელდეს. გადადება შეუძლებელია, მოჰყავს გარდიანს მისი სიტყვები.

ზელენსკი შარშან აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად უპირატესად იმ მანდატით, რომ გაატარებს საკვანძო რეფორმებს და დაასრულებს ომს აღმოსავლეთში, სადაც 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის შედეგად 13 ათასი ადამიანი დაიხოცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG