Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს


დღეს, 8 მარტს, უმრავლესობა და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ამერიკის ელჩის რეზედენციაში საარჩევნო სისტემაზე მოსალაპარაკებლად 2 საათისთვის შეიკრიბნენ.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი. მე იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მზად არის ამ კონსენსუსისა და ცვლილებებისთვის. ამ ორ დღეში გვექნება აქტიური კონსულტაციები და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოინახოს კომპრომისული გზა, მე მაქვს იმედი, რომ ეს შესაძლებელია. ასეთი ძლიერი ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასოდეს არ ჰქონიათ და მადლობა მინდა ვუთხრა დიპლომატებს ამისთვის. ალბათ უკვე ამ ორ დღეში გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ, რა კონკრეტული ცვლილებებისთვის ვიქნებით მზად. ახლა მთელი პასუხისმგებლობა გადავიდა მმართველ პარტიაზე. გვაქვს უკვე ბოლო კონსულტაციები და ალბათ დღეს, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ყველაფერი ცნობილი გახდება“, - ამბობს ეკა ბესელია.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ შეძლებენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 130/20-ზე სისტემაზე მოხდეს შეთანხმება.

„ეს იქნება არა ერთი საკითხი, არამედ მთლიანად პაკეტში ცვლილებები, მათ შორის ეს ეხება ბარიერის თემას, არაძალადობრივ გარემოს, პროპორციული რაოდენობის თვალსაზრისით უფრო მეტად გაზრდას, ოლქების სწორად გადანაწილებას. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ მზაობით, მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ მშვიდად და სამართლიანად ჩატარდეს ქვყანაში არჩევნები. მე მგონია, ისინი ამ გადაწყვეტილებისკენ ნაბიჯს გადმოდგამენ, ისევე, როგორც ამ პაკეტში შეიძლება იყოს კიდევ სხვა საკითხები ამასთან ერთად, რომელიც ასევე პრინციპულია იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს“, - განაცხადა ბესელიამ.

თავად აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარტიები გამონახავენ შეთანხმების მიღების გზას. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში 6 მარტს ისაუბრა:

„თუკი არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა და პარტიები ხედავენ მას, გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული. თუკი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს (თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ ისინი გამონახავენ ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის გზას), ძალიან სამწუხარო მარცხი იქნება ყველა მხარისთვის. თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა, არა მგონია, ვინმემ შეძლოს თავის გამარჯვებულად გამოცხადება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეხვედრის დაწყებამდე კი კომენტარი არ გაუკეთებიათ მმართველი გუნდის წევრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG