Accessibility links

logo-print logo-print

ბულგარეთმა და მოლდოვამ კორონავირუსის პირველი შემთხვევები აღრიცხეს


ბულგარეთში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრი, სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურის ინსპექტორი, ანგელ კუნჩევი

ბულგარეთი და მოლდოვა იტყობინებიან COVID-19-ის პირველი შემთხვევების შესახებ. ბულგარეთის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ COVID-19-ით, ახალი კორონავირუსით, დაავადების პირველი ოთხი შემთხვევა აღირიცხა ბალკანეთის ამ ქვეყანაში, რომელიც გასულ პერიოდში გრიპის გავრცელებას ებრძოდა.

ჯანდაცვის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლმა, ანგელ კუნჩევმა 8 მარტს, ადრე განაცხადა, რომ ინფიცირებულთაგან ორ პირს არსად უმოგზაურია და არ ჰქონია შეხება მათთან, ვინც დაბრუნდა ბულგარეთში უცხო ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. ინფექციების და პარაზიტული დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ტოდორ კანტარჯიევის თქმით, ორი პაციენტი ჩრდილოეთის ქალაქ პლევენიდან არის და ორი - ცენტრალურ ქალაქ გაბროვოდან. ორი პირი, 27 წლის კაცი და 75 წლის ქალი, რესპირატორული პრობლემებით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს საავადმყოფოში და გამოკვლევა COVID-19-ზე ჩაუტარდათ პროფილაქტიკის მიზნით. ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, ახლა მიმდინარეობს ამ პირებთან კონტაქტის მქონეთა შემოწმება.

მთავრობამ უკვე გამოაცხადა მთელ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია და დახურა სკოლები 6-დან 11 მარტამდე. საავადმყოფოები აღარ ატარებენ არაგადაუდებელ ოპერაციებს და აიკრძალა პაციენტების მონახულება.

B ტიპის გრიპის 5 ათასამდე შემთხვევა იყო აღრიცხული ბულგარეთში თებერვლის ბოლო კვირაში.

მოლდოვის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა აღრიცხეს. დაავადება 7 მარტს აღმოუჩინეს კიშინიოვში 48 წლის ქალს, რომელიც დაბრუნდა იტალიიდან, სადაც თავი ცუდად იგრძნო, იქვე იქნა პოსპიტალიზებული, შემდეგ თვითნებურად დატოვა საავადმყოფო და სამშობლოში დაბრუნდა. ის მაშინვე მოათავსეს საავადმყოფოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ახალი კორონავირუსი გავრცელდა 103 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მსოფლიოში. 106 ათასი რეგისტრირებული შემთხვევიდან დაახლოებით 3600 დასრულდა სიკვდილით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG