Accessibility links

როგორ დასაჯა კობეინმა ბუენოს-აირესი სექსიზმის გამო


He's the one
Who like all our pretty songs
And he likes to sing along
And he likes to shoot his gun
But he don't know what it means

კობეინი კულისებში იდგა და ბრაზისგან ცოფებს ყრიდა. სტადიონი სავსე იყო - 50 ან, შეიძლება სულაც 60 ათასი კაცი იმ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენდის გამოსვლას ელოდა. ამ ბენდის ლიდერს კი მათი დანახვაც არ სურდა და, ფიქრობდა, სულაც ხომ არ გავაუქმო კონცერტიო.

კურტ კობეინი “ნირვანას“ წინ გამოსული ჯგუფის მიმართ გამოხატულმა უპატივცემულობამ გამოიყვანა წყობიდან. კურტმა ეს ჯგუფი თავად აარჩია - გოგონების პანკ-ჯგუფი პორტლენდიდან, Calamity Jane - იფიქრა, კარგად გაახურებენ სტადიონსო.

სტადიონი კი სულაც არ გახურდა. პირიქით. ყოველი სიმღერის დროს გოგონებს უსტვენდნენ, ლანძღავდნენ და სცენაზე ათას ნაგავს ყრიდნენ. ჯგუფმა კონცერტი ვერც დაამთავრა.

კურტ კობეინის აზრით ბენდს დასასტვენი და გასალანძღი არაფერი სჭირდა. პუბლიკაც მხოლოდ იმიტომ ერჩოდა, რომ ქალები იყვნენ. მერე იხსენებდა - „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამე იყო, რაც კი მინახავს სექსიზმის ერთდროულად ასეთი მასობრივი გამოხატვაო“.

ეგეთ ფანები კობეინს ყველაზე მეტად სძაგდა. აი, ვისაც ჯგუფის „ლამაზი სიმღერები“ მოსწონდა, მისამღერს აყვებოდა ხოლმე, მაგრამ შინაარსს ვერ ჩაწვდებოდა.

კურტი კრისტ ნოვოსელიჩმა დააშოშმინა. უთხრა - მართლა ხომ არ გავაუქმებთ კონცერტს. თუ ძალიან ნერვები მოგიშალეს, გავიდეთ და ვეკაიფოთ, მაგათი დედაცო. (ზუსტად ეს სიტყვები, ცხადია, არ წარმოუთქვამს, მაგრამ აზრი ეგ იყო).

ეკაიფნენ კიდეც.

კონცერტი „ნირვანამ“ Nobody Knows I’m New Wave-ით დაიწყო. ეს სახელი ჯგუფის ყველაზე დიდ ფანებსაც კი არაფერს ეტყვის - 15 წუთიანი რაღაცაა, რომელიც არც მანამდე და არც მერე არსად დაუკრავთ. (კონცერტის ვიდეოზე, რომელიც ბოლოში ახლავს სტატიას, ამ შესრულების ბოლო სამი წუთია მოცემული).

კონცერტის ნახევარზე მეტი იქ შეკრებილთათვის სრულიად უცნობი სიმღერებისგან შედგებოდა - უმეტესობა ხომ იქ Bleach-ის და Incesticide-ის მოსასმენად არ მისულა. თუმცა, კურტმა სწორედ Bleach და Incesticide დაახვედრა.

არა, ცხადია კონცერტს მხოლოდ Endless Nameless-ით არ ჩაუვლია. „ნირვანამ“ თითქმის მთელი Nevermind დაუკრა.

თითქმის.

მთავარი სიმღერა, იმ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰიტი ბუენოს-აირესს არ აღირსა.

რამდენჯერმე აუშალა იქ შეკრებილ ხალხს საღერღელი. ტამ ტარამ ტარარამტამამ დაუკრა, მაგრამ ვიდრე Load up on guns, bring your friends-ამდე მივიდოდა, გაჩერდა.

How can you have any pudding if you don't eat yer meat?

ვინც Calamity Janes არ სცემს პატივს, ვერც Smells Like Teen Spirit-ს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG