Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: ბატონო კობახიძე, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებით, დოკუმენტში არ უნდა ყოფილიყო გვარები იმ პატიმრებისა, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ.

„ხელში მიჭირავს ორი დოკუმენტი, რომელსაც მოეწერა ხელი. ერთი ეს არის შეთანხმების დოკუმენტი, მეორე ეს არის ერთობლივი განცხადება. ერთი ეხება საარჩევნო სისტემაში შეთანხმებას. საერთო განცხადება ეხება სწორედ პატიმრების საკითხს, ამიტომ ამ დოკუმენტის ბოლო წინადადება ეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში. ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება პატიმრობაში, უნდა იყოს თავისუფალი. როგორ იქნება, რა მექანიზმით, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ“, - უთხრა მედიას გიორგი ვაშაძემ დღეს, 9 მარტს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის დაწყებამდე.

„მინდა მივმართო ბატონ კობახიძეს, რომ ბატონო კობახიძე, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, 110/40-ზეც ამბობდით, რომ თითქოს ვიღაც ტყუოდა, არადა აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. ასევე მოკლე ფეხები ექნება თქვენს ტყუილს, რომელსაც ახლა კადრულობთ და ჩემზე ამბობთ, რომ როდესმე მოვიტყუე. ყოველთვის ვსაუბრობ სიმართლეს, დოკუმენტებით გამყარებულს“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG