Accessibility links

logo-print logo-print

აშრაფ ღანის ინაუგურაციის პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტად თავი გამოაცხადა აბდულა აბდულამაც


აშრაფ ღანი (მარცხნივ) და აბდულა აბდულა

ბოლო არჩევნებში პრეზიდენტობის წამყვანმა კანდიდატებმა, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ, ქვეყნის უმაღლესმა აღმასრულებელმა, აბდულა აბდულამ, თავი გამოაცხადეს ქვეყნის პრეზიდენტებად, ქაბულში, 9 მარტს ერთმანეთის პარალელურად გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.

ასობით სტუმარი ესწრებოდა ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე პრეზიდენტისა და უმაღლესი აღმასრულებლის ოფისებში გამართულ ინაუგურაციებს.

ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო ელჩი ზალმაი ხალილზადი და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს საერთაშორისო ძალების სარდალი, გენერალი სკოტ მილერი, დაესწრნენ ქვეყნის საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პრეზიდენტად მიჩნეული აშრაფ ღანის ინაუგურაციას აღრის საპრეზიდენტო სასახლეში.

პარალელური ინაუგურაციების ჩატარება მეტოქეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უშედეგოდ დასრულდა აშრაფ ღანსა და აბდულა აბდულას შორის არჩევნების შედეგების თაობაზე წარმოქმნილი უთანხმოების მოგვარების ყველა მცდელობა.

„არავინ უნდა დაუშვას დემოკრატიისადმი ჩვენი ერთგულების უგულებელყოფა. გამოსავალი, მხოლოდ გაყალბებული ხმების ხელახალი გადათვლაა“, - ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ამ შინაარსის მიმართვა გაავრცელა ტვიტერით ავღანეთის უმაღლესმა აღმასრულებელმა, აბდულა აბდულამ.

28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხმების გადათვლა გრძელდებოდა 19 თებერვლამდე, როდესაც ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ცნო მოქმედი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი. თუმცა, კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მისი მეტოქე, უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, რომელმაც საკუთარი თავი გამოაცხადა გამარჯვებულად და პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებს საკუთარ მთავრობას.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კრიზისი საფრთხეს უქმნის აშშ-სა და თალიბებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას და შიდა დიალოგის დაწყებას.

თალიბანმა უკვე განაცხადა, რომ სავარაუდოდ არ გაიმართება ამ კვირაში დაგეგმილი მოლაპარაკება, მეტოქეების მიერ მოწყობილი ინაუგურაციების პარალელური ცერემონიების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG