Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჩი ბერაია: რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ კანონპროექტს და მივესალმები კონსენსუსს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია ეხმაურება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას. ბერაიამ განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და რით არის განსხვავებული შეთანხმებული მოდელი.

„სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი - რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი იყო, ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით [დაგეგმილი] ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული - რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40-42-43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს. ამ კანონპროექტით ნაკლები შანსია იმის, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდეს საქართველოს და მემარჯვენე და მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა ერთად დაიწყონ მთავრობის დაკომპლექტება, ამ მოცემულობით ამის ნაკლები შანსია, ვიდრე სრულად პროპორციულის შემთხვევაში იქნებოდა“, - თქვა დაჩი ბერაიამ.

2019 წლის 14 ნოემბერს ბერაიამ მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG